თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ბრწყინვალე წარმატებას მიაღწიეს ევროპული შრომითი სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესზე - Hugo Sinzheimer Moot Court Competition 2025, რომელიც სლოვაკეთში, ბრატისლავაში გაიმართა და რომელსაც ევროპის შრომის ორგანო (European Labour Authority) მასპინძლობდა.
Hugo Moot წარმოადგენს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან აკადემიურ შეჯიბრს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას შრომითი სამართლისა და პროცესუალური კულტურის მიმართულებით. წლევანდელ შეჯიბრში მონაწილებდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი უნივერსიტეტების გუნდები.
თსუ-ის გუნდმა გამორჩეული შედეგი აჩვენა და დაძაბულ ფინალურ ეტაპზე დაამარცხა იტალიის გუნდი, მანამდე კი ნახევარფინალში ავსტრია, ხოლო მეოთხედფინალში პოლონეთისა და სლოვენიის წარმომადგენლები. ჩემპიონი გუნდის წევრები იყვნენ: სალომე ვარდოშვილი, კონსტანტინე ფირცხალაიშვილი, ელენე კაკულია და ელენე კარიაული. გუნდის მწვრთნელი გახლდათ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სერგი ჯორბენაძე.
აღნიშნული გამარჯვება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მაღალი აკადემიური ხარისხისა და პროფესიული მომზადების დონეს. ვულოცავთ გუნდს და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!